ამნისტიის პროექტი: “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა

19-20 ივნისის მოვლენებზე მომზადებულ ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა.

“ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია წინასწარი თანხმობა ამნისტიის გავრცელებაზე, “ქართული ოცნებისთვის” პრინციპულად მიუღებელი აღმოჩნდა დაზარალებულთა თანხმობა, რაც ჩვენს ვერსიაშია. ნიკა მელიასთან დაკავშირებით განმარტავენ, რომ მათი ვერსიით ამნისტირებისთვის ნიკას თანხმობა კი არ არის საჭირო, არამედ უარი არ უნდა თქვას, მაგრამ ესეც მიუღებელია. პარლამენტის თავმჯდომარის ვერსია იყო, რომ ორივე მხრიდან თანხმობა ამოგვეღო. რეალობა არის ის, რომ “ნაციონალურ მოძრაობასაც”, „ქართულ ოცნებასაც“ და ყველას გვჭირდება ამნისტიის კანონის მიღება. სხვანაირად ვერ წავალთ წინ. პირადად, ჩემი სახელით შემიძლია ვთქვა, რომ კომპრომისზე შეიძლება მეფიქრა პარლამენტის თავმჯდომარის წინადადებასთან დაკავშირებით, რომ ორივე მხრიდან თანხმობა ამოგვეღო და ეს დაგვეკომპენსირებინა იმით, რომ სახელმწიფომ აიღოს დაზარალებულთა მკურნალობის და რეაბილიტაციის ვალდებულება, ამის ფასად მზად ვიყავი თანხმობების ამოღებაზე. ვერ შევთანხმდით, რადგან მარტო არ ვარ და სხვა ადამიანებიც არიან,”- განაცხადა მანჯგალაძემ.