ბოკერია დმანისის მოვლენებზე: გამშველებლის როლში რატომ უწევდა პოლიციას ყოფნა?

როდესაც ძალადობას ვუყურებდით საათების განმავლობაში, გამშველებლის როლში რატომ უწევდა პოლიციას ყოფნა? – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ დმანისში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერია აღნიშნავს, ადანაშაულებს არა პოლიციელებს, არამედ მათ ხელმძღვანელობას.

„ფაქტებზე სხვადასხვა ვერსია ისმის. როგორიც არ უნდა იყოს ფაქტები, რომელი თემიდანაც არ უნდა ყოფილიყო უფრო მეტი აქტიური ძალადობისკენ მიდრეკილი ახალგაზრდა, ამას ამ მომენტში მნიშვნელობა არ აქვს.

ამ მომენტში მნიშვნელოვანია პოლიცია როგორ რეაგირებდა, როდესაც ეს ინციდენტი მოხდა, სწრაფად რატომ არ იყო რეაგირება? როდესაც სხვადასხვა თემის წარმომადგენელი ქალაქში დაიძრა, მთელი ეს პერიოდი პოლიცია სად იყო?! შემდეგ, როდესაც ძალადობას ვუყურებდით საათების განმავლობაში, გამშველებლის როლში რატომ უწევდა პოლიციას ყოფნა?

ამაში ვადანაშაულებ არა იმ პოლიციელებს, არამედ მათ ხელმძღვანელობას, რომლებიც როდესაც ბიძინა ივანიშვილის პირად ან მისი გაგებით, პოლიტიკურ ინტერესს ეხება საქმე, უზარმაზარ ძალებს ხარჯავდნენ შეშაზე, აქ აკავებდნენ ადამიანებს წალამზე, ჩანთებს უსინჯავდნენ, მელიას დაკავებაზე რამხელა ოპერაცია ჰქონდათ, ივანიშვილის სახლთან ძალების რა მობილიზებაა ხოლმე.

აქ ხალხი ერთმანეთს ჯოხებით, ხელკეტებით და ჩაქუჩებით დასდევდა, ეს ყველაფერი პოლიციის დაკვირვების ქვეშ ხდებოდა – უმძიმესი სურათია.

ძალიან მნიშვნელოვანია როგორ მივიდა საქმე აქამდე. ეს არის პირდაპირი შედეგი იმის, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ძალადობისკენ მიდრეკილ ახალგაზრდებს, კრიმინალურ დაჯგუფებას ქუჩას მოკავშირედ იკრავს და აძლევს ხელშეუხებლობას“, – აცხადებს ბოკერია.