“გარანტიას გაძლევთ, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენთან აცრილი იქნება მოსახლეობის 60-70%”

გარანტიას გაძლევთ, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენთან აცრილი იქნება საერთო მოსახლეობის 60-70%, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ ვაქცინაციაზე საუბრისას განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი ამჟამად იმდენად დიდია, რომ ერთბაშად ყველას ვაქცინაცია ვერ ხერხდება.

„მართალია ჩვენთან ზრდასრული მოსახლეობის 3%-ია ვაქცინირებული, ამასაც შეაქვს თავისი წვლილი მესამე ტალღის დაძლევაში. თუ პირველ დღეებში 500 ადამიანი იცრებოდა, ახლა დღეში 4000 იცრება, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა, უნდა ავიდეთ 6000-7000-ზე. ვაქცინირებისადმი სკეპტიციზმი მნიშვნელოვნად დაიძლია. ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი ამჟამად საკმარისად დიდია, იმდენი, რომ ერთბაშად ყველას ვაქცინაცია ვერ ხერხდება. ჯერ არასაკმარისი ვაქცინის პრობლემა არ დამდგარა და არავითარი წყვეტა არ ყოფილა, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს გარანტირებული ხელშეკრულებები გაფორმებული. ვაქცინაციის კაბინეტების და ბრიგადების რიცხვი უსასრულო ვერ იქნება, 164-ზე მეტი ბრიგადა არის ამცრელი და 100-ზე მეტი დაწესებულება მუშაობს ვაქცინაციის პროცესში. თუმცა, ეს ტემპი არ არის საკმარისი, მხოლოდ ბოლო 10 დღეში გაიზარდა ვაქცინირებულთა რიცხვი, ეს რიცხვი მინიმუმ უნდა გაორმაგდეს. დარწმუნებული ვარ, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-მდე აცრის მაჩვენებელზე მივალთ. მე ვტრიალებ საზოგადოებაში, ვიცი მათი განწყობა და სახელმწიფოს რესურსიც, რამდენად შეუძლია მას მიწოდების სისტემა გაზარდოს. გარანტიას გაძლევთ, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენთან აცრილი იქნება სრული მოსახლეობის 60-70%“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ვაქცინის ერთი დოზის გაკეთების შემდეგ კოვიდინფექციით 350-მდე ადამიანი დაინფიცირდა და მათ შორის გარდაცვლილები არ არიან. მისივე თქმით, ორჯერ აცრილ ადამიანებში ინფექციის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, მაგრამ დაინფიცირების შემთხვევაში ასეთი ადამიანები ვირუსს მსუბუქად გადაიტანენ.