გეგელია: “ოცნებას“ მოუწევს შეგუება, რომ ფხიზელი, ძლიერი ოპოზიცია იქნება წარმოდგენილი

„ლელო საქართველოსთვის“ წევრი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ ამნისტიის კანონპროექტის ოპოზიციის წარმომადგენლებისა და „ქართული ოცნების“ ვარიანტებს შორის არაერთი განსხვავებაა.

“ფუნდამენტური განსხვავება არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, ეს ხელისუფლება გაძვრეს, დამნაშავეები გაძვრნენ დაუსჯელად, ხოლო ჩვენ ვამბობთ, რომ ამნისტირება უნდა მოხდეს მხოლოდ კონკრეტული მუხლებით და იმ ადამიანებზე, ვისზეც უკვე არსებობს სისხლის სამართლებრივი დევნა, რაც გამორიცხავს ნებისმიერი, ჰიპოტეტური დანაშაულის ამნისტირებას, რომელიც შესაძლოა, ყოფილიყო მაშინ ჩადენილი, მაგრამ არ იყოს დღეს ჩვენთვის ცნობილი.

როცა გახდება ცნობილი იმის თაობაზე, თუ ვინ გასცა პოლიტიკური ბრძანება და რა მოხდა რეალურად იქ, მაშინ ყველა ადამიანი უნდა დაისაჯოს კანონის სრული შესაბამისობით. „ქართული ოცნება“ ცდილობს, დაიხსნას ეს პირები სამართლისგან და გადაარჩინოს ისინი კანონიერ დასჯას, რაც ეკუთვნით მათ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს კანონი, ან რაიმე ფორმის ზომები ახლა დაიხსნის ადამიანებს შემდგომში გასამართლებლისგან იმისთვის, რაც მათ შესაძლოა, გააკეთეს, ისინი ცდებიან.

არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს ადამიანები ვერც ერთი მექანიზმით ვერ გადაურჩებიან სამართლის სრულ ძალას. ჩვენ ძალიან ნათლად ვთქვით, რა არის მისაღები და რა არ არის მისაღები ჩვენი მხარისთვის, „ქართულ ოცნებას“ თუ სურს, დემოკრატიულად გაატაროს ეს კანონი და ემსახურებოდეს კრიზისის სრულ სტაბილიზაციას, სამართლებრივ სრულ აღსრულებას, მას შეუძლია, ძალიან მარტივად ნახოს, რა არის ჩვენი რედაქცია, ჩვენი პრიორიტეტები.

„ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის, რა არის ჩვენი პრიორიტეტები, მაგრამ ატარებს სხვა ტიპის კანონს. ძალიან მარტივად, თუ სურვილი ექნება „ქართულ ოცნებას“, შეუძლია, მიიღოს შესაბამისი კანონი და შემოუერთდეს იმ რედაქციას, რომელიც ჩვენ მიერ არის შეტანილი.

ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩავერთოთ ყველა კრიტიკული მიმართულებით მაქსიმალურად შრომაში იმის უზრუნველსაყოფად, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერც ერთი მიმართულებით ვერ შეძლოს კანონების გაპარება და ყოველგვარი განსჯის გარეშე კანონისშემოქმედებითი პროცესის წარმართვა, რაც მათი საყვარელი ხელობაა.

„ქართულ ოცნებას“ მოუწევს, შეეგუოს იმას, რომ ძალიან ფხიზელი, ძალიან ძლიერი და კრიტიკული ოპოზიცია იქნება წარმოდგენილი და უკლებლივ ყველა ინიციატივას სწორი, პატრიოტული სულისკვეთებით გააკრიტიკებს, რომელიც არის აუცილებელი ნებისმიერი დემოკრატიული პარლამენტისთვის“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.