ჩხუბი და დაპირისპირება გიორგობის დღესასწაულზე- გავრცელებული ინფორმაციით, რუის-ურბნისის მიტროპოლიტ იობის რეზიდენციაში სასულიერო პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, სამების საპატრიარქო ტაძრის დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილს ეპისკოპოსი სვიმეონ ცაკაშვილი და მისი თანმხლებ პირები დაესხნენ თავს.
ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება თავდაპირველად ეპისკოპოს სვიმონსა და მამა თეიმურაზს შორის დაიწყო და მამა თეიმურაზი სწორედ, ხაშურის ეპისკოპოსის წინამძღვრის მითითებით სცემეს.
დეკანოზი თეიმურაზი დაპირისპირებას არ უარყოფს, თუმცა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელი ამბობს, რომ ეს ეკლესიის შიდა საქმეა.
“ეს არის შიდა საეკლესიო გაუგებრობა, რომელიც მოგვარდა მღვდელმთავართან ერთად და არავითარი გამოხმაურება ან სხვაგვარი ინტერპრეტაცია საჭირო არ არის. მე თავად გამოვხატე უდიერი განწყობა ხაშურის ეპისკოპოსის მიმართ, ვთქვი, რომ მასთან შეხვედრას მერჩივნა შევხვედროდი ქვეწარმავალს, რაც რა თქმა უნდა, არ უნდა მეთქვა. ფიზიკური დაპირისპირება ერთ-ერთმა ერის ადამიანმა ჩაიდინა, რომელიც აფექტურ მდგომარეობაში იყო, თუმცა ყველაფერი იქვე გაირკვა, როგორც ქრისტიანებს შეშვენით. მე თვითონ ვითხოვე პატიება და ყველაფერი მშვიდად დასრულდა. უხერხულია, რომ ვილაპარაკოთ, რა სახით მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება, არ მგონია ეს ვინმეს აინტერესებდეს. ჩემთვის დაჩოქება არავის უთხოვია, მე ვითხოვე შენდობა, ყველაფრის მიუხედავად.
არავითარი პრეტენზია არ მაქვს არც იმ ერის ადამიანის და არავის მიმართ. არავინ დამკავშირებია ამასთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, რომ ამ საქმის ირგვლივ არ დაიწყება მსვლელობა. დაპირისპირება სამწუხარო ფაქტია, მაგრამ თუ ვინმე გვაყენებს შეურაცხყოფას და ვართ მძიმე მდგომარეობაში, მოვალენი ვართ, რომ ეს ყველაფერი გადავყლაპოთ, ეს არის აუცილებელი“, – აცხადებს თეიმურაზ თათარაშვილი „ტვ პირველთან“ საუბარში.