გოგი მეშველიანი დმანისის მოვლენებზე: პოლიციამ იმუშავა კარგად

“ჩვენ უპირველესი ამოცანაა სიტუაციის დეესკალაცია და შემდგომი დაპირისპირებების თავიდან არიდება”- ამის შესახებ დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში, გოგი მეშველიანმა განაცხადა, რომელიც დღეს დმანისში ჩავიდა.

დმანისში შექმნილი ვათარების გასაცნობად და პროცესების განსამუხტად, ადგილზე პარლამენტარებიც იმყოფებოდნენ.

როგორც მეშველიანმა განაცხადა, პოლიციამ ყველა ზომა მიიღო, რომ დასახლებაში დაწყებული კონფლიქტი დროულად აღმოფხვრილიყო.

“დმანისში ამ დროისთვის ვითარება არის შედარებით მშვიდი. ვითარებას საპოლიციო ძალები აკონტროლებენ. ჩვენ უპირველესი ამოცანაა სიტუაციის დეესკალაცია და შემდგომი დაპირისპირებების თავიდან არიდება.

სიმართლე გითხრათ, რაიმე სახის კონკრეტული ინფორმაცია მოსალოდნელ დაძაბულობასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვქონია. შესაბამისად, გუშინდელი ამბავი იყო მოულოდნელი ჩემთვის. საყოფაცხოვრებო დაპირისპირება კი, ალბათ ყველა რეგიონში ხდება.

პოლიციამ ყველა ზომა მიიღო, რომ დასახლებაში დაწყებული კონფლიქტი დროულად აღმოეფხვრა. მე ვფიქრობ, პოლიციამ იმუშავა კარგად, რომ ეს დაპირისპირება უფრო რთულად და ლეტალურად არ დასრულდა.

სამი პოლიციელია დაშავებული და ამ ეტაპზე ჩვენ ლეტალურად მძიმე შედეგი არ გვაქვს,”-აღნიშნა გოგი მეშველიანმა.