გოლეთიანი: ადამიანებს, ვინც ფულს გვირიცხავს, არ უნდათ, რომ მათი ვინაობა გასაჯაროვდეს

 ადამიანებს, ვინც ფულს გვირიცხავს, არ უნდათ, რომ მათი ვინაობა გასაჯაროვდეს, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, “რიონის ხეობის მცველებს” ბევრი ადამიანი, მათ შორის ემიგრანტები ურიცხავენ ფულს. 

„ზოგადად, როდესაც ემიგრანტები და სხვადასხვა ადამიანი რიცხავს ფულს, პირდაპირ გვეუბნებიან, რომ არ იყოს მათი სახელი და გვარი საჯარო. ეს ისეთი პროცესია, ამუნათებენ პირდაპირ იმ ადამიანებს, ვინც მონაწილეობს აი, ამ ბრძოლაში. ვხედავთ, რომ გამგებლებს იბარებენ მერიაში, სკოლის დირექტორებს ეუბნებიან, რომ არ გააზიარონ პოსტი, არ დაგვიჭირონ მხარი. ზოგადად, ადმინისტრაციულ რესურსს მთლიანად აკონტროლებს ხელისუფლება. ჩვენ მხარს გვიჭერს ის ხალხი, არაერთი და თანხითაც მონაწილეობენ. არ უნდათ, რომ მათი სახელები გასაჯაროვდეს“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, პროტესტის დამფინანსებლებს შორის არიან თუ არა პოლიტიკოსები, გოლეთიანი პასუხობს, რომ  რომ  შემოთავაზებები იყო, თუმცა მათ უარი თქვეს.

„ეს პროტესტი დიდიხანია მიმდინარეობს და სხვადასხვა დროს მსგავსი ფინანსური დახმარება იყო შემოთავაზებული. ჩვენ ყველას მიზანმიმართულად ვეუბნებით უარს იმიტომ, რომ არ მოყვეს ამას რაღაც სპეკულაციები და თან ჩვენ არ ვსაჭიროებთ ამგვარ დახმარებას”- განაცხადა გოლეთიანმა.