“ჯერჯერობით დაუშვებელია” – გამყრელიძე შეზღუდვების სრულ შემსუბუქებაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, საკოორდინაციო საბჭომ რის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების გარკვეულწილად შემსუბუქების შესახებ.

„გარკვეულ შემსუბუქებებს რამდენიმე ფაქტორს ვუკავშირებთ. როგორც ჩვენი მონაცემებით, ისე ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის პროგნოზით, ჩვენ ახლა გადავდივართ პიკს. გარკვეულად, დაღმავალ ფერდზე გავდივართ. მეორე, საზოგადოებაში არის სერიოზული ვნებათაღელვა ღამის კარანტინთან დაკავშირებით, მით უმეტეს მაისში, როცა უკვე სერიოზულად დათბა. ამიტომ, აქ ოქროს შუალედი უნდა ყოფილიყო მოძებნილი. ჯერჯერობით სრული შემსუბუქება დაუშვებელია, ვიდრე ეპიდსიტუაცია სერიოზულად არ დამშვიდდება, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია გათვალისწინება მოსახლეობის განწყობის. ამიტომ ოქროს შუალედი მოიძებნა, შემცირდა გადაადგილებაზე შეზღუდვის ხანგრძლივობა. ასევე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაცია იყო, რომ მეტად გამკაცრდეს კონტროლი, მონიტორინგი აღსრულებაზე. ასევე გამკაცრდეს მონიტორინგი იმ რეკომენდაციებზე, რაზეც მუდმივად ვსაუბრობთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.