ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს: დაუშვით ვაქცინირებული ვიზიტორები

ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რეკომენდაციით მიმართავს, ვაქცინირებული ვიზიტორები დაუშვან. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„დღეს, ევროკომისია წინადადებით გამოდის, რომ წევრმა სახელმწიფოებმა ევროკავშირში არაარსებით მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქონ, რათა მსოფლიოში ვაქცინაციის კამპანიის პროგრესი და ეპიდემიოლოგიური ვითარება გაითვალისწინონ. ევროკომისია წინადადებით გამოდის, ევროკავშირში შესვლის უფლება მიეცეს არა მხოლოდ იმ ქვეყნებიდან მომავალ პირებს, სადაც კარგი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, არამედ ყველა იმ პირსაც, ვისაც ევროკავშირის მიერ დამტკიცებული ვაქცინა აქვს მიღებული. ეს ასევე შეიძლება გავრცელდეს იმ ვაქცინებზე, რომლებმაც ჯანმოს ავტორიზაცია მიიღეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკომისიაში აღნიშნავენ, რომ „ციფრული მწვანე სერთიფიკატის“ ამოქმედებამდე, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უნდა შეეძლოთ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ვაქცინაციის სერთიფიკატების მიღება, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სერთიფიკატის ავთენტურობა გადამოწმდება.