ეზუგბაია: მესამე ტალღა უკვე დაწყებულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მესამე ტალღა უკვე დაწყებულია და ჯანდაცვის სისტემა შესაბამისად არის მომზადებული.

„მესამე ტალღა უკვე დაწყებულია და ჯანდაცვის სისტემა, ჩვენი კლინიკაც უკვე მზად არის საქმიანობისთვის. საწოლფონდი ახალი შემთხვევების მატების შესაბამისად იქნება მობილიზებული. ამ ეტაპზე, ჩვენთან ყველა საწოლი დაკავებულია, უბრალოდ ხდება ტრიაჟი ანუ გაწერილი პაციენტების ადგილებს დღის განმავლობაში იკავებენ ახალი პაციენტები და ეს მუდმივი პროცესია. ცენტრიდან დაახლოებით 10-12 პაციენტი ყოველდღიურად ეწერება და ყოველდღიურად 10-12 პაციენტი შემოდის“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, შეინიშნება კორონავირუსის შემთხვევების მატება, თუმცა რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში, შესაძლებელია პიკური მაჩვენებლის თავიდან აცილება.

„მატება ჯერჯერობით შეინიშნება. პიკი როდის იქნება, მე ვერ გეტყვით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მოქალაქეები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან და გარკვეულწილად დაიცავენ იმ რეკომენდაციებს, რაც აუცილებელია, რათა ეს პიკი რაც შეიძლება სწრაფად დავწიოთ და არ გვქონდეს ისეთი მაღალი, როგორსაც ველოდებით წესით და კანონით. ეს ციფრები ყოველთვის არ არის რეალობასთან დაკავშირებული. იცით, რომ ტესტების რაოდენობას უკავშირდება დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. 500-600 შემთხვევა ძირითადად არის ხოლმე დასვენების დღეებში, როცა ტესტირების რაოდენობა არ არის მაღალი. კორელაციაშია ესენი ერთმანეთთან. თუ ამას გავასაშუალოებთ, ძირითადად ერთნაირად მიდის. არის ტენდენცია მატების, მაგრამ კატასტროფული მაჩვენებლები არ არის და კიდევ ერთხელ ვიძახი – რომ არ ვილაპარაკოთ პიკზე, ​შემთხვევების ძალიან დიდი რაოდენობით მატებაზე, ამისთვის აუცილებელია წესების დაცვა, რეკომენდაციების სრულად შესრულება, პირბადე, დისტანცირება და ხელების ჰიგიენა. მოლოდინი არ მაქვს მაღალი. მოქალაქეების, თქვენი, პირადად ჩემი პასუხისმგებლობა თუ გაიზრდება და ჩვენ რეგულაციებს შევასრულებთ სწორად, დავიცათ ყველა რეკომენდაციას, რომელიც სახელმწიფოს მიერ მოწოდებულია შეზღუდვებთან დაკავშირებით, ჩვენ პიკურ მაღალ მაჩვენებელს არ მივაღწევთ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.