ერდოღანი: ქართველ ხალხს გულითადად ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქართველ ხალხსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

“თურქი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით თქვენს აღმატებულებასა და ქართველ ხალხს გულითადად ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

მწამს, რომ ჩვენი ხალხების მეგობრობისა და საერთო ინტერესების საფუძველზე, მომავალშიც გაგრძელდება ჩვენს შორის არსებული ყოველდღიურად მზარდი ახლო მეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის საკითხში”, – ნათქვამია წერილში.

პრეზიდენტი წერილში  ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტსაც ეხმაურება.

“მოხარული ვარ, რომ 2021 წლის 1-ელ ივნისს, ჩვენს ქვეყანაში დაგეგმილი თქვენი ვიზიტის დროს გვექნება შესაძლებლობა, განვიხილოთ როგორც ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს კეთილდღეობა”, – აღნიშნავს ერდოღანი.