პროექტი არის ძალიან მსხვილი, მნიშვნელოვანი და სტრატეგიული. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დამოკიდებულება გადის ენერგეტიკაზე, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა კი გადის საკუთარი განახლებადი რესურსების განვითარებაზე”- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ “ნამახვანჰესის” პროექტთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ჰიდროსადგურზე პროტესტი განმარტებების რეჟიმში, ხდება ხოლმე.
“ზოგადად, როდესაც საუბარია ასეთი მასშტაბის დიდ ჰიდროსადგურზე, ეს ნებისმიერ ქვეყანაში ხდება ხოლმე გარკვეული განმარტებების რეჟიმში, სხვა ქვეყნებშიც გამოუწვევია პროტესტები მსხვილ ჰიდროსადგურებს.
აქედან გამომდინარე, რაღაც განსაკუთრებული პროცესი ეს არ არის. მაგრამ ჩვენ, ხელისუფლება, ვალდებულები ვართ, რომ ასეთ დროს ყველა კითხვას გავცეთ პასუხი.
თუმცა, როდესაც საუბარია ეკოლოგიაზე, უსაფრთხოებაზე, პროექტის დეტალებზე, ეს პასუხები უნდა გაიცეს კომპეტენტურად, ექსპერტების ჩართულობით, არა ქუჩაში, არა კარვებში, არა მეგაფონების მოშველიებით. ეს არ არის სწორი ფორმატი იმისთვის, რომ მოსახლეობამ გაიგოს პროექტის შესახებ სიმართლე. ბევრი არასწორი ინფორმაცია, მითი ცირკულირებდა და ჩვენ, ასევე თვითონ ინვესტორი კომპანიაც ვცდილობთ, რომ ეს მითები გავაქარწყლოთ.