თუ ხვალ არ იქნება გადაწყვეტილება, მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას – რიონის მცველების ულტიმატუმი

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები მოთხოვნების შესასრულებლად დროს ხელისუფლებას ხვალ, 12:00 საათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დედაქალაქის პარალიზებით იმუქრებიან.

ამის შესახებ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მთავარმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები დღეს 02:00 საათიდან თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები რამდენიმე მოთხოვნას აყენებენ, კერძოდ: შეჩერდეს 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულება მთავრობასა და “ენკა” შორის, რის მერეც კომპანიამ ხეობა უნდა დატოვოს; გაუქმდეს მთავრობის განკარგულება უძრავი ქონების გადაცემისა და პრივატიზების შესახებ; გაუქმდეს სამშენებლო ნებართვა და მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი და თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი.