დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკური პერიოდი გადავლილია.
„კორონავირუსის მესამე ტალღის პიკი ნამდვილად გადავიარეთ“, – აღნიშნა იმნაძემ.
თუმცა, როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, პიკის გადავლა დამშვიდების საფუძველს არ იძლევა და რეკომენდაციების სათანადოდ დაცვა კვლავაც აუცილებელია.
„მართალია, პიკი გადავიარეთ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ დღეში კორონავირუსის 1 000 შემთხვევა გვაქვს. საქართველო ჯერ კიდევ ოცეულშია იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ყველაზე მაღალია 100 ათას მოსახლეზე ავადობა. ასე რომ, ჯერ ისეთი ვითარებაც არ არის, რომ ვთქვათ, მორჩა კორონა და მოვეშვათ. მესმის, დაცხა, ძნელია გარე სივრცეში პირბადით სიარული, მაგრამ, რა ვქნათ, სხვა გზა არ არის. ყველას უნდა გვესმოდეს, 1 000 ადამიანი რომ ავად ხდება, ნიშნავს, რომ ათი მაინც გარდაიცვლება. ეს არ უნდა დავივიწყოთ“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.