ისრაელის ავიაიერიშებს კიდევ 33 ადამიანი, მათ შორის 13 ბავშვი ემსხვერპლა

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის ავიაიერიშებს ღაზას სექტორში კიდევ 33 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 13 ბავშვი.

ბოლო მონაცემებით, კონფლიქტის დაწყებიდან 7 დღის განმავლობაში სულ ღაზაში ავიაიერიშების შედეგად 181 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგანაც 52 ბავშვია. ისრაელში კი დაპირისპირებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი.

Reuters-ის ინფორმაციით, 15 მაისს ისრაელმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ლიდერის სახლი დაბომბა, რის შედეგადაც სულ მცირე 4 პალესტინელი დაიღუპა. პარალელურად კი, რადიკალურმა დაჯგუფებამ თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. ისრაელის მედიის ცნობით, ავიაიერიშის დროს 10-მდე ადამიანი დაშავდა, რომლებიც თავშესაფარში გადასვლას ცდილობდნენ.