აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა , პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობს. მათ შორისაა იმუნიზაციის პროცესიც.
„ბევრი პრიორიტეტული თემაა, რომლებთან დაკავშირებით უკვე ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან ერთად. რა თქმა უნდა, მათ შორისაა კორონავირუსზე რეაგირება და ვაქცინაციის პროგრამის განხორციელება. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები ვაქცინაციაში აქტიურად ჩაერთვებიან“, – განაცხადა კელი დეგნანმა
მისივე თქმით , ვაქცინაცია აუცილებელია იმისთვის, რომ მოსახლეობა ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს.
„შეერთებულ შტატებში დიდ წარმატებას მივაღწიეთ ამ კუთხით. ზრდასრული მოსახლეობის 55 პროცენტზე მეტი უკვე აცრილია. მეც ავიცერი. ჩემი მოზარდი შვილებიც აიცრნენ. ამ პროცესს, ზოგადად, ჩვენი ეკონომიკისა და კონკრეტულად სასკოლო დაწესებულებების გახსნის შესაძლებლობად და მეტ-ნაკლებად ნორმალური ცხოვრების დაბრუნების გზად მივიჩნევთ. კარგი საუბარი შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ყოველივე ამაზე“, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.