“კოვიდპასპორტზე სამუშაოების 90% დასრულებულია”

შემიძლია გითხრათ, რომ კოვიდპასპორტზე სამუშაოების 90% დასრულებულია – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, NCDC-ში პასპორტის გატესტვა დასრულდა და მომავალ კვირას ის სამინისტროს, შემდეგ კი საბჭოს წარედგინება.

გამყრელიძემ იმ ინფორმაციაზეც ისაუბრა, რომელიც კოვიდ პასპორტზე იქნება დატანილი.

“გუშინწინ გვქონდა ამ პასპორტის პირველი გატესტვა დაავადებათა კონტროლის ცენტრში. მომავალ კვირას მას სამინისტროს წარვუდგენთ და შემდგომ უკვე საკოორდინაციო საბჭოზე წარვადგენთ მისი მოქმედების პრინციპს და თუ როგორ მუშაობს ეს კოვიდპასპორტი. რამდენიმე ინფორმაცია იქნება დატანილი, პირველ რიგში აცრის სტატუსი, თუ ადამიანს ჩატარებული აქვს PCR ტესტი და ასევე შესაძლოა, მესამეც დაემატოს – გადატანილი აქვს თუ არა კოვიდი. QR-კოდის მეშვეობით შეიძლება ამ ინფორმაციის იდენტიფიცირება. შემიძლია გითხრათ, რომ სამუშაოების სადღაც 90 % უკვე დასრულებულია”-განაცხადა გამყრელიძემ.