რუსთავის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 12 საკითხს უყარეს კენჭი და ყველა მათგანი დადებითად გადაწყვიტეს.
დამტკიცდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების განაშენიანების დეტალური გეგმა. ახალი შენობა ე.წ კომისარიატის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს.
როგორც საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი, შენობები დაახლოებით 10-11 სართულიანი იქნება, მიწისქვეშა საპარკინგე სივრცითა და გამწვანებული ტერიტორიით. პირველ სართულზე კომერციული ფართები განთავსდება.
ტერიტორია აუქციონის წესით გასხვისდა და მესაკუთრის ვალდებულებაა მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ დამატებით 100 000 ლარიანი ინვესტიცია განახორციელოს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად იფუნქციონირებს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური მას შემდეგ, რაც ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა დაიწყება.









