კორონავირუსს ფოთში 48 წლის ექთანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის მორიგე ექთანი იყო, დასაქმებული იყო ქალაქის ჰოსპიტალშიც.
ცენტრის ხელმძღვანელის, კესო გელენიძის თქმით, მორიგე ექთანს, ირმა თოფურიას კოვიდ-19 მეორედ, 8 თვის შემდეგ დაუდასტურდა.
„ირმას კორონავირუსი პირველად 5 ოქტომბერს დაუდასტურდა. ის პარალელურად ფოთის საავადმყოფოშიც მუშაობდა და როგორც კი ვირუსი ხელმეორედ დაუფიქსირდა, მალევე გააგრძელა იქ მკურნალობა, მაგრამ ორ დღეში უეცრად მდგომარეობა დამძიმდა. გადავიყვანეთ თბილისში, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც ათი დღე მკურნალობდა. დღეს სამწუხაროდ გარდაიცვალა“, – განუცხადა ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის დირექტორმა კესო გელენიძემ.