კრწანისის ტყე-პარკში გარემოსდაცვითი განათლების საზოგადოებრივი ცენტრის შეიქმნება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩის მოადგილემ, საერთაშორისო განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ერიკ ილესიმ კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორია დაათვალიერეს.
მათ თანამშრომლობის ფარგლებში, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერების და კრწანისის ტყე-პარკში გარემოსდაცვითი განათლების საზოგადოებრივი ცენტრის შექმნის საკითხები განიხილეს.
„განიხილება ახალი პროექტის დაწყება, რომელიც რამდენიმე მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას გულისხმობს და ფარავს როგორც კრწანისის ტყე-პარკის ინფრასტრუქტურის აღდგენა-გაუმჯობესების, ველური ბუნების სახეობების შესწავლის, მათ შორის, გენეტიკური კუთხით, და დაცულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მხარდაჭერის მიმართულებებს, ასევე, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის სისტემის გაძლიერებაში მხარდაჭერას.
კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორია არის უნიკალური ეკოსისტემა, მწვანე სივრცე ორ ქალაქს შორის, რომელსაც გადარჩენა, შენარჩუნება, აღდგენა და გალამაზება სჭირდება. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ; უკვე დაწყებულია წითელის ნუსხის სახეობების აღდგენა-შემოტანა და იმ კოლექციის შექმნა, რომელიც საქართველოს ბიომრავალფეროვნებას და უნიკალურ ბუნებას გამოხატავს. კრწანისის ტყე-პარკი იქნება მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო სივრცეც გარემოსდაცვითი კუთხით, სადაც მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას საქართველოს უნიკალური ბუნების და ბიომრავალფეროვნების შესახებ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩის მოადგილე ერიკ ილესის განცხადებით, ახალი პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ტყე-პარკის ტერიტორიის დიდი პოტენციალის ათვისებას იმისათვის, რომ ბიომრავალფეროვნება საფუძვლიანად შეისწავლონ. გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისთვის.
ველური ბუნების ეროვნული სააგენტო კრწანისის ტყე-პარკის აღდგენასა და განახლებაზე მუშაობს. უწყების ცნობით, მასშტაბური სამუშაოების განხორციელების შემდეგ, ტყე-პარკი თავის ძირითად ფუნქციას დაიბრუნებს და გახდება მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცე ორ ქალაქს – თბილისსა და რუსთავს შორის. ტყე-პარკის ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით ან მინი ელექტროავტომობილით იქნება შესაძლებელი.
ამ ეტაპზე, ტყე-პარკის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარზე, მიმდინარეობს მძლავრი სატუმბი სადგურის მშენებლობა, რომელიც მტკვრის წყალს ტერიტორიაზე მდებარე რვა ტბას და ჭალის ტყის კორომების სარწყავ არხებს მიაწვდის. სამუშაოები დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მტკვარი 2“ მიერ.
აღსანიშნავია, რომ კრწანისის ტყე-პარკის განახლებისა და აღდგენის მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, უკვე მოეწყო 100 კვტ. მზის ელექტროსადგური; ხეების უკანონო ჭრის აღკვეთის და ბრაკონიერებისაგან დაცვის მიზნით, შემოიღობა ტყე-პარკის ტერიტორიის 150 ჰა ფართობი. სამომავლოდ, დაგეგმილია მტკვრის სახეობათა თევზსაშენის მშენებლობა, დამშრალი შვიდი ტბორის აღდგენა – დათევზიანება და 50-მდე საპიკნიკე ლოკაციის მოწყობა.