კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრატორ-კონსერვატორ ოსტატთა რეესტრის შექმნას იწყებს. 2022 წლიდან მათი სერტიფიცირების სისტემის ამუშავება იგეგმება.
ამის შესახებ თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, სამინისტრო მიიღებს შემდეგი პროფესიის ოსტატების განაცხადებს:
– ქვითხურო (ქვისმთლელი მწყობელი; ჩუქურთმის მჭრელი; დეკორატორი);
– ხითხურო; ყოველი სადურგლო სამუშაოს შემსრულებელი.
– კირითხურო (მლესავი; ყორემწყობელი; მძერწავი);
– სახურავთა ოსტატი (კრამიტ-ლორფინის ოსტატები; მეთუნუქე ოსტატები)
– მჭედელ-ზეინკალი;
– მეავეჯე; ხარატი; დეკორატორი.
დღეიდან 15 ივნისამდე, რეესტრში მოსახვედრად პრაქტიკოს ოსტატებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს კულტურის სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალური გვერდის, ოფიციალური ელექტრონული ფოსტის info@culture.gov.ge ან ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე 2-022-229.
გასაუბრებაზე მოსაწვევად, პირმა უნდა წარმოადგინოს თავისი ბიოგრაფია და ჩამოთვალოს წარსულში განხორციელებული სამუშაოები.









