ლევან ვასაძე აცხადებს, რომ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო

ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ბიზნესმენი ამბობს, ეს მისთვის მძიმე გადაწყვეტილებაა.

„მივიღე ჩემთვის პირად ჭრილში ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რომ საბოლოოდ დავემშვიდობო ჩემთვის საყვარელ, კერძო პირის მდგომარეობას და გადავდგა ნაბიჯი, შემოვიდე და მივიღო მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ქვეყანაში შესულია პერმანენტული კრიზისის პირობებში როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, კულტურული, სოციალური, იდეოლოგიური თვალსაზრისით. მე ვეცდები, ჩემს დღევანდელ განცხადებაში მოგახსენოთ ჩემი შეხედულებები, თუ რატომ ვართ ასე, როგორც ვართ და გაგიზიაროთ ჩემი მოკრძალებული შეხედულებები, რა უნდა გაკეთდეს, რათა ჩვენი ზღაპრული ქვეყანა აღარ იყოს ამ მდგომარეობაში.

მე შორს ვარ იმ ამპარტავნებისგან და კადნიერებისგან, რომ ერთ რომელიმე პიროვნებას, ჩემი ჩათვლით, შეუძლია ამის ყველაფრის აღმოფხვრა და ამ მდგომარეობიდან, რომელშიც ყველანი ჩავარდნილები ვართ, ჩემი აზრით, ერთად უნდა გამოვიდეთ. ქაოსი, ერთმანეთის სიძულვილის, უიმედობის, უსამართლობის, უკანონობის, შიშის ატმოსფერო დასრულდეს და ქვეყანა საბოლოოდ გავიდეს თავისი განვითარების იმ ტრაექტორიაზე, რომელსაც ის იმსახურებს“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ამასთან, ვასაძის თქმით, მისთვის ბოლო წვეთი იყო დანიელსონის დოკუმენტზე ხელის მოწერა როგორც „ქართული ოცნების“, ისე ოპოზიციის უმრავლესობის წევრების მხრიდან.

„რა იყო ბოლო წვეთი, რომ ეს ჩემთვის ნამდვილად არასასურველი და მძიმე ნაბიჯი გადამედგა – ბოლო წვეთი ჩემთვის პირადად იყო დანიელსონის დოკუმენტად ცნობილ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, როგორც „ქართული ოცნების“, ისე გაერთიანებული ოპოზიციის უმრავლესობის მხრიდან. ამ დოკუმენტში, გარდა ძალიან მძიმე გადაწყვეტილებებისა, დამნაშავეების ციხიდან კანონის დარღვევით გამოშვებისა, მოხდა ქვეყნისთვის კიდევ უფრო დამაზიანებელი, ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა და შემცირება. ახლა თუ ეს დოკუმენტი ბოლომდე განხორციელდა და ძალაში შევიდა, დოკუმენტის შედეგად ჩვენს ქვეყანას ისედაც შეზღუდული, შევიწროებული, მყიფე და მცირე სუვერენიტეტი თითქმის აღარ რჩება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათი ჩვენი სახელმწიფო თვითონ ვეღარ წყვეტს, როგორ იმუშაოს ცესკო-მ და როგორ დათვალოს ხმები, ის ვეღარ წყვეტს, ვინ დანიშნავს მოსამართლედ და ვინ არა, უცხოელების ჩარევის გარეშე და ის ვერ წყვეტს, როგორ ამუშაოს ანტიკოროფციული ინსტიტუტები და სტრუქტურები თავის შიგნით. ეს სამივე გახლავთ ნებისმიერი სახელმწიფოს სუვერენიტეტისთვის საკვანძო, ფუნდამენტალური საკითხების გაქარწყლება, ფრაგმენტაცია.

როგორც არ უნდა გვიხსნიდნენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, რომ ეს ხდება საუკეთესო სურვილებით, რომ ისინი ჩვენ დაგვეხმარნენ ამ მიმართულებით, ეს ნიშნავს სუვერენიტეტის კიდევ უფრო შემცირებას და მის სანაცვლოდ მივიღეთ უბრალოდ კიდევ 400 მილიონი ევრო ვალი, რომელსაც ეს არაეფექტური, პოლიტიკური ისტებლიშმენტი შეჭამს ერთ-ორ თვეში, თუ უკვე არ შეჭამა ხელფასებში, პრემიებსა და თავისი არაეფექტური მმართველობის გახანგრძლივებაში, შეატოვებს ამ გაზრდილ ვალს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.