ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება „ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ისეთი ღონისძიებების გატარება, რომელიც ფიტოსანიტარიის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითვალისწინებს, არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.
მაია ბითაძემ, სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა.
ამასთან, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, პარლამენტის და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებისა წარმომადგენლებს ქუთაისის მუხნარში არსებული მდგომარეობა და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე, სადაც ენდემური და წითელი ნუსხის სახეობა „იმერული მუხა” გვხვდება, უკანონო ჭრებმა, ნარჩენებით დაბინძურებამ და სხვა მსგავსმა უარყოფითმა ფაქტორებმა, რაც ათწლეულების პრობლემაა, ტყის მასივი მნიშვნელოვნად დააზიანა. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოიშალა არსებული სადერივაციო არხი, რამაც გამოიწვია ტყის ნაწილობრივი დატბორვა. „ე.წ. „საღორიის ტყეში” უნიკალური კორომის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალისტების მიერ შემუშავდა კომპლექსური ღონისძიებების გეგმა, რომელიც სანიტარიულ ჭრებს, მავნებლის მიერ დაზიანებული ხეების კორომიდან გამოტანას, ნარჩენებისაგან გაწმენდას და ტყის აღდგენას მოიცავს. ”