მარნეულში 23 წლის ბიჭი მოკლეს

მარნეულში 31 წლის პირმა 23 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლა და ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული პირი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მკვლელობას კი წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ქალაქ მარნეულში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობლად მცხოვრებ ახლობელს – 1998 წელს დაბადებულ რ.გ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.