ნამდვილად მეამაყება, რომ როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, ჩემი მინისტრობის პერიოდში ყველაზე მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდა, რაც ქვეყნისთვის ძალიან მაგარია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იქნას გამოყენებული ის რესურსები, რაც ქვეყანას აქვს.
„ჩემი პოზიციაა, რომ რაც შეიძლება, ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს ქვეყანაში. მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იქნას გამოყენებული ის რესურსები, რაც ქვეყანას აქვს, რათა მე, თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები დამოკიდებული არ ვიყოთ რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე. ეს რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ცუდია იმ თვალსაზრისით, რომ პირდაპირ აისახება ჩვენს ჯიბეებზე, რადგან გვიწევს მაღალი ტარიფების გადახდა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რესურსები იყოს სწორად გამოყენებული. როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, ნამდვილად მეამაყება, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში ყველაზე მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდა, რაც ქვეყნისთვის ძალიან მაგარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, თქვენი მინისტრობის პერიოდში ხომ არ გადაიდგა პირველი ნაბიჯები „ნამახვანჰესის“ მშენებლობისკენ“, კალაძემ განაცხადა, რომ მსგავს შემთხვევაში, ჰესი უკვე აშენებულიც იქნებოდა.
„ჩემი მინისტრობის დროს არ ყოფილა, რომ ყოფილიყო, უკვე აშენებულიც იქნებოდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.