საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს.
„მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, თითოეულ ჟურნალისტს გილოცავთ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს.
თავისუფალი, მაღალი პასუხისმგებლობის მედია საზოგადოების განვითარებისა და სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა.
დღეს, როდესაც ყალბი ახალი ამბებისა და დეზინფორმაციის გავრცელება ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად იქცა დემოკრატიებისთვის, მედიის პასუხისმგებლობას და პროფესიონალიზმს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლება და მედიაპლურალიზმი ჩვენში კონსტიტუციითაა გარანტირებული.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისას საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით მე-100 ადგილზე იყო. ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდა და ჩვენი ქვეყანა 40 პუნქტით დაწინაურდა. დღეს რეგიონში ლიდერის პოზიციაზე ვართ და არაერთ განვითარებულ ქვეყანასაც ვუსწრებთ.
ჩვენი ხელისუფლება კვლავაც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით წინსვლას, გამოხატვის თავისუფლების დაცვას, მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას.
წარმატებებს გისურვებთ თქვენს საპატიო, ძალზე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საქმიანობაში“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.