უახლოეს მომავალში რამდენიმე საკითხზე კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ,- ამის შესახებ ნიკა მელიამ ზუგდიდში განაცხადა, სადაც რეგიონებში რიგით მეოთხე შეხვედრა გამართა.
ნიკა მელია პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და აქტივის წევრებს შეხვდა.
მისი განცხადებით, ბოლო შეხვედრა აჭარაში გაიმართება.
„ეს არ არის შეხვედრა, რომელიც მხოლოდ ეხება ბრძოლის გაგრძელებას თუ სხვადასხვა ახალ პლატფორმას. ბევრი მნიშვნელოვანი საკითხები იყო, რომელზეც ვისაუბრეთ და შევთანხმდით. მიხარია, რომ პარტიაში იყო განსხვავებული მოსაზრებები, მეც მინდა ასეთი პარტია ავაშენო, რომელიც ორი ან სამი ადამიანის გარშემო არ იქნება გაერთიანებული, არამედ იქნება გაერთიანებული იდეების, ღირებულებების და ფასეულობების გარშემო და არ იქნება ვერტიკალური მართვა. რა თქმა უნდა, ლიდერს აქვს თავისი წონა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ხშირად ის უკეთ ხედავს, ვიდრე მისი თანაგუნდელები, რომლებიც შეიძლება იყვნენ მოწყვეტილი მოლაპარაკებების მაგიდას. ამისათვის უნდა ჩამოვიდე, შევხვდე ჩემს მეგობრებს, გავცვალოთ არგუმენტები და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. სამეგრელო არ უნდა იყოს ასეთ სოციალურად აუტანელ მდგომარეობაში და თუ სადმე შეიძლება ნაკლებად უჭირდეთ ბევრი მიზეზის გამო, ეს არის სამეგრელო, მაგრამ პირიქით ხდება. ამ რეგიონზე ხელისუფლება არ ორიენტირდება. მიხარია, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხებზე შევთანხმდით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ ადგილობრივ დონეზე, რაც ბუნებრივია, გადაითარგმნება ეროვნულ-პოლიტიკურ დონეზე. აქედან მივემართები აჭარაში, სადაც იქნება კიდევ ერთი შეხვედრა. ამის შემდეგ ვბრუნდებით თბილისში და უახლოეს მომავალში რამდენიმე საკითხზე მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.