მორიგი დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში – ჭყონდიდელი სასულიერო პირები მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯიშვილს ეპარქიის ქონების გახარჯვაში ადანაშაულებენ.
მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ დასჯილი სასულიერო პირები ამბობენ, რომ წყლის ქარხანა, რომელიც მიტროპოლიტ პეტრე ცაავას დროს ფუნქციონირებდა, გაიყიდა. ამასთან, როგორც სასულიერო პირები ამბობენ, პრობლემებია სკოლაშიც.
მამა ანდრია გვილავა ამბობს, რომ მიტროპოლიტ სტეფანეს ქონების ხელში ჩაგდება სურს.
“მას ყველაფერი ნანახი აქვს და იცის, რომ ყველაფერი ადგილზეა. უბრალოდ შარზეა, უნდა რომ თვითონ განკარგოს და გაანიავოს აქაურობა, მე იქით შევუყვან აუდიტს მეუფე გრიგოლს და სტრეფანეს, იმიტომ რომ მარნის ღვინო, რომელიც ძვირადღირებულია განიავებული აქვს.
ჩემი განკვეთა მისი პრეროგატივა არ არის. ამაზე უნდა შეიკრიბოს სინოდი და მინიმუმ 12 მღვდელმთავარი უნდა იყოს ერთ აზრზე, ერთპიროვნულად ვერაფერს გადაწყვეტს,”- აღნიშნა გვილავამ.
სასულიერი პირების საპასუხოდ მეუფე სტეფანემ განაცხადა, რომ ის მამა დანიელისგან სალხინოს მამათა მონასტრის ქონების გასაღებების ჩაბარებას მოითხოვს, რის შემდეგაც საქმეში აუდიტს ჩართავს.
მეუფემ სკოლაში არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მამა დანიელის დისშვილი, სამსახურიდან გათავისუფლდა. ის ფინანსურ სამსახურში მუშაობდა და პოზიციიდან შინაგანაწესის დაღვევის გამო გაათავისუფლეს.