არარეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის ფაქტები

სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტომ არარეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის ფაქტები გამოავლინა.

პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან სულ ჩამორთმეულია და კონფისკაციას დაექვემდებარა 4 062 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი.

„რეალიზაციის დაწყება, ისევე როგორც დასრულება, საჭიროებს სააგენტოში სავალდებულო შეტყობინების წარდგენას. მიმდინარე წელს, 20 მაისამდე პერიოდში გამოვლენილ იქნა სულ 82 ასეთი შემთხვევა. მათ შორის, საბაჟო აღნუსხვის ფორმების დამუშავების შედეგად გამოვლენილ იქნა 70 შემთხვევა, როდესაც ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას ახორციელებლდა ფიზიკური თუ იურიდიული პირი, სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე. რაც შეეხება მიმოქცევის, რეალიზაციის დასრულების ფაქტს, ესეც გამოკვეთილი იქნა ფარმაცევტული ბაზრის კონტროლის ღონისძიებების შედეგად და დადასტურდა, რომ 33 შემთხვევაში მეწარმეს დასრულებული ჰქონდა ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია, ხოლო სავალდებულო შეტყობინება სააგენტოში არ იყო წარმოდგენილი“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გარდა ამისა, მიკვლევადობის ღონისძიებების ფარგლებში, მიმდინარე წელს დადასტურდა ფარმაცევტული პროდუქტის შეფუთვა-მარკირების დარღვევის 10 ფაქტი.