მორიგი პროვოკაცია საოკუპაციო ხაზთან – ე.წ. საზღვარი 4-მა პირმა გადმოკვეთა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ხურვალეთში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა 2-ჯერ გადმოკვეთეს ე.წ. საზღვარი, ჩამოვიდნენ ხურვალეთის სასაფლაომდე და პოლიციამ ისინი უკან გააბრუნა.

ვრცელდება ადგილზე გადაღებული ფოტოებიც.

“ინციდენტი მოხდა ჩვენ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ამას ვამტკიცებთ ჩვენ, სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული 4 ადამიანი გადმოვიდა, მოაწყვეს გარკვეულწილად პროვოკაცია, ჰქონდათ ძალიან ხამამაღლი საუბარი პოლიციასთან, პოლიციამ ისინი გააბრუნა უკან, არ დააკავა. ეს ინციდენტი განმეორდა 2-ჯერ, ან 3-ჯერ, აშკარად იგრძნობოდა რუსული საოკუპაციო ძალები ზურგი.

მე ვფიქრობ, რომ დიახ, უნდა დაეკავებინათ ეს ადამიანები, ვინაიდან აქ არსებობს ოკუპაციის ხაზი, რომლის გადაკვეთა როგორც ჩვენ მოქალაქეებს ეკრძალებათ, ასევე მეორე მხრიდან, მითუმეტეს, როცა ჩვენი სამი მოქალაქე იმყოფება ცხინვალის ციხეში”, – განაცხადა დავით ქაცარავამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფაქტს ადასტურებს, თუმცა აზუსტებენ, რომ ინციდენტში ჩართული სამოქალაქო პირები იყვნენ. სუსში აცხადებენ, რომ ინციდენტში მონაწილე პირებს საოკუპაციო ხაზი არ გადმოუკვეთავთ.