„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან. მოთხოვნები უცვლელია-ამბობენ, რომ ქართული მიწის გასხვისებას არ დაუშვებენ და თბილისში გამარჯვებამდე დარჩებიან.
ისინი ითხოვენ:
- შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მთავრობამ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას.
საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი.