პაპუაშვილი ენმ-სა და მელიაზე: ნებისმიერი არჩევანი მათთვის მძიმეა

გირაოს მიღება ან გირაოს არ მიღება, ამნისტიაზე დათანხმება ან მასზე უარი, ანუ ნებისმიერი არჩევანი მათთვის მძიმეა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ნიკა მელიასთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას გადაწყვეტილების მიღება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება უჭირს.

„მათი პოზიცია უკვე სერიოზულობის ყველანაირ ზღვარს გასცდა. ჯერ განაცხადეს, რომ მელია არ იყო გირაოზე თანახმა. ახლა მათ თითქოს უნდათ გირაოს მიღება ევროკავშირიდან და ამიტომ, ის აგონიაშია ჩავარდნილი – პარტიის ბოლო პერიოდის მოძრაობები, რომლითაც ისინი ცდილობენ, ჩაშალონ შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის მედიაციით შედგა.

ნიკა მელიას და „ნაციონალურ მოძრაობას“ კარგი გამოსავალი აღარ დარჩა. გირაოს მიღება ან გირაოს არ მიღება, ამნისტიაზე დათანხმება ან მასზე უარი, ანუ ნებისმიერი არჩევანი მათთვის მძიმეა. ვაკვირდებით იმასაც, რომ მას უჭირს გადაწყვეტილების მიღება და სწორედ აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ როდესაც პოლიტიკოსს უჭირს გადაწყვეტილების მიღება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, მათ შორის მძიმე გადაწყვეტილებების მიღება, ასეთი ადამიანების ადგილი პოლიტიკაში არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.