პაპუაშვილი: “ლელო” მიდის იქითკენ, რომ ჩაშალონ 19 აპრილის შეთანხმება

“ქართული ოცნების” წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, “ლელო” შარლ მიშელის შეთანხმების ჩაშლას ცდილობს.

“ლელო” იყო ერთადერთი პარტია, ვინც თავი შეიკავა და მაგალითად მოჰყავდათ, რომ ცესკოს არსებული შემადგენლობის გადანიშვნა უნდა მოხდეს ან მიღებული უნდა იქნას რაღაც ზომები. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა სპეციალურად განაცხადა, რომ, მაგალითად, თამარ ჟვანიას საკითხი არ იყო 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი და ამის ციტირება მოვახდინე ამ შეხვედრაზე. სამწუხაროდ, “ლელო” უყრუებს ამ განმარტებას და მიდის იქითკენ, რომ ჩაშალონ 19 აპრილის შეთანხმება, პატივს არ სცემენ საკუთარ ხელმოწერას ამ შეთანხმებაზე,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, “ლელომ” საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, თუმცა ხმა არც დოკუმენტის წინააღმდეგ მიუცია.

“საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების პროექტს მომავალ კვირას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ. ამასთან, დოკუმენტი გადაგზავნილია ვენეციის კომისიაში და როგორც დეპუტატები აცხადებენ, მეორე მოსმენამდე კომისიის შეფასებას დაელოდებიან.