პოსტკოვიდური სინდრომი მძიმე დაავადებაა – გამყრელიძის რეკომენდაცია მოქალაქეებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსს რიგ შემთხვევაში ხანგრძლივი გართულებები ახასიათებს.

“პოსტკოვიდური სინდრომი გახლავთ სერიოზული პრობლემა და მას სჭირდება მეტი ყურადღება. ჩემი რეკომენდაცია გახლავთ, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ ადამიანი მჭიდრო კონტაქტში იყოს თავის ოჯახის ექიმთან. სულ მცირე 6 თვის განმავლობაში. ასევე, თუ საჭიროდ ჩათვლის ოჯახის ექიმი, შესაბამისი გამოკვლევებიც ჩაიტაროს”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ახლა საქართველოში პოსტკოვიდურ სინდრომზე კვლევას ინფექციური საავადმყოფო ატარებს, რისთვისაც შერჩეული ჰყავს შემთხვევითი შერჩევით 500 პირი.

“ეს სერიოზული საკითხია. კოვიდი თავდაპირველად მიიჩნეოდა საკმაოდ მსუბუქ დაავადებად, არ ტოვებდა ხანგრძლივვადიან გართულებებს. ბევრი კვლევით უკვე დადგენილია და უკვე დამკვიდრდა ტერმინი – “პოსტკოვიდური სინდრომი”. ის ყველა შემთხვევაში და უმრავლეს შემთხვევაში არ გვხვდებოდა”, – თქვა გამყრელიძემ.