პრემიერი: ყველანი ერთად ვიქნებით მზად, რომ საქართველოში ტურისტები მივიღოთ

„საერთაშორისო ტურისტული გამოფენა არის რეალურად გზავნილი იმისაკენ, რომ მსოფლიო ნელ-ნელა უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას და ჩვენ მათ შორის, უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ დავიწყოთ აქტიურად ტურისტების მიღება“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ესპანეთში FITUR-ის გამოფენაზე განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური მადრიდში, გამოფენის ფარგლებში, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან, ზურაბ პოლოლიკაშვილთან და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, საქართველოს ტურისტულ სტენდს გაეცნო.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მიმართულებით გადამწყვეტია  ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვა.

„ჩვენთვის დიდი პატივია, ის, რომ წარმოდგენილები ვართ ესპანეთში, FITUR-ის გამოფენაზე. მოგეხსენებათ, რომ აქ დაახლოებით 100 ქვეყანა მონაწილეობს. მათ შორის, ჩვენ გვაქვს ღირსეული ადგილი დაკავებული ამ გამოფენაზე. დღეს დილით ჩვენ, ესპანეთის მეფესთან ერთად გვქონდა შესაძლებლობა, რომ დაგვეთვალიერებინა აღნიშნული გამოფენა, რომელიც დღეს გაიხსნა.

ეს არის განაცხადი და ეს არის რეალურად გზავნილი იმისაკენ, რომ მსოფლიო ნელ-ნელა უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას და ჩვენ მათ შორის, უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ დავიწყოთ აქტიურად ტურისტების მიღება. რა თქმა უნდა, ამაში ძალიან გადამწყვეტია ვაქცინაცია, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვა და კონტროლი და რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება ჩვენი მოქალაქეებს მხრიდან.

ასე, რომ ჩვენ ვართ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილები, მთელი მსოფლიო არის იმ მოტივაციით, რომ მსოფლიო დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას და ჩვენ ყველანი ერთად, ვიქნებით მზად, რომ მივიღოთ ტურისტები საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

FITUR 2021-ში საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. საქართველოს საპრეზენტაციო სტენდი საშუალებას აძლევს საერთაშორისო ტურ-ოპერატორებს, კომპანიებს, მედიის წარმომადგენლებს, მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ.