საკითხი ეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას, ამით ბუნებრივია, საქმე არ სრულდება და გაგრძელდება- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმის პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყების წინ განაცხადა.
გულუაშვილის განმარტებით, არ განვიხილავენ სხვა მოცემულობას გარდა იმისა, რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს ბრალდების მხარის შუამდგომლობა.
„საკითხი ეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას, ამით საქმე ბუნებრივია, არ სრულდება და გაგრძელდება. მოხდება ყველა მტკიცებულების გამოკვლევა, რომელიც მოპოვებულია გამოძიების მიერ და რაზედაც დაფუძნებულია ნიკანორ მელიას ბრალდება. ყველა ამ მტკიცებულების გამოკვლევის შემდეგ სასამართლო იმსჯელებს ის უდანაშაულოა თუ მის მიერ არის ჩადენილი დანაშაული. რაც შეეხება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, თუ ადამიანების მოსაზრებებს ამ პროცესთან მიმართებით, საქმეში არსებობს არაერთი მტკიცებულება და შესაბამისი საკანონმდებლო სტანდარტი, რომელიც აუცილებელია ბრალდების წარსადგენად და საქმის სასამართლოში განსახილველად. ამიტომ, ნებისმიერი განცხადება და მცდელობა ამ საქმის პოლიტიზირებისა პოლიტიკური პარტიების მოსაზრებას უკავშირდება და არა სამართლებრივ რეალობას.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოხდება ბრალდების მხარის მიერ წერილობით წარმოდგენილი შუამდგომლობის ზეპირად გაცხადება, კერძოდ, შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო დაუყონებლივ, მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე აუწყებს პენინტენციურ დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს ბრალდებულის გათავისუფლებას. ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ, რომ ეს გარემოება იქნებოდა ახალი საფუძველი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის – კერძოდ, პატიმრობის გირაობის შეცვლით, შესაბამისად, დარწმუნებული ვართ ჩვენი შუამდგომლობის სისწორეში და არ განვიხილავთ სხვა მოცემულობას გარდა იმისა, რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს შუამდგომლობა“, – აღნიშნა ამირან გულუაშვილმა.







