რუსეთში, ყაზანის სკოლაში 8 მოსწავლე და მასწავლებელი მოკლეს

რუსეთში, ქალაქ ყაზანის ერთ-ერთ სკოლაში დილიდან სროლა იყო. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ადგილობრივი მედიის ცნობით,  სკოლის შენობა ამ დროისთვის ალყაშია მოქცეული, მიმდინარეობს მოსწავლეების ევაკუაცია.

„ინტერფაქსის“ წინასწარი მონაცემებით, მოსწავლეებს ცეცხლი 17 წლის მოზარდმა გაუხსნა. გამოცემა წერს, რომ იგი ოპერატიულად დააკავეს.

„ინტერფაქსის“ წყაროს განცხადებით, სკოლაში ორი თავდამსხმელი იყო და ერთ-ერთი მათგანი კვლავ სკოლის შენობაში, მეოთხე სართულზე ბლოკირებული რჩება.

„რია ნოვოსტი“ საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით წერს, რომ სროლის შემდეგ სკოლაში აფეთქებაც მოხდა.

სროლის შედეგად დაიღუპა მინიმუმ რვა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი. ვრცელდება ინფორმაცია თორმეტ დაშავებულზე, ოთხი მათგანი რეანიმაციაშია გადაყვანილი.

გამოცემა „ბიზნეს ონლაინი“ წერს, რომ სამართალდამცავებმა ალყაში მოაქციეს ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი. „ბაზას“ ცნობით, დაკავებულმა მოზარდმა პოლიციას უთხრა, რომ სახლში ბომბი დადო. სამართალდამცავები გეგმავენ ბინის ბლოკირებას და შტურმს.