რუსთავის ციხესთან ნიკა მელიას მხარდამჭერები შეიკრიბნენ

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები და თანაგუნდელები არიან შეკრებილები. ნიკა მელიას სასამართლო პროცესი რამდენიმე საათში უნდა დაიწყოს.

მათი განცხადებით, ნიკა მელიას მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის, ლევან ხაბეიშვილის, განცხადებით, ნიკა მელიამ საზოგადოებას პრინციპულობით აჩვენა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაზე გამარჯვება შეიძლება.

“ნიკა მელიამ საზოგადოებას პრინციპულობით აჩვენა, რომ ამ ხელისუფლებაზე გამარჯვება შეიძლება. ხელისუფლება ამბობდა, რომ გირაოს გადაიხდის, ნიკა მელიას გირაო არ გადაუხდია. ნიკა მელია ამბობდა, რომ ამნისტიას თუ გაიწვევენ გირაოს გადაიხდიდა, თუმცა ამნისტია არ გაიწვიეს, მაგრამ ევროკავშირმა გამოსასყიდი გადაიხადა.

საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ სამართლებრივად შეუძლებელია ჯერ გირაო გადაიხადო და მერე შევიდეს პროკურორი შუამდგომლობით. ფაქტია, რომ პოლიტიკური პატიმარი აღიარა სრულიად ევროკავშირმა”,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 16:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე მოსამართლემ უნდა განიხილოს პროკურატურის შუამდგომლობა, რომლითაც საგამოძიებო უწყებამ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე გუშინ მიმართა.

ნიკა მელიასთვის შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარი, ევროკავშირის ეგიდით „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ 8 მაისს გამოყო.