საია: სახელმწიფომ დმანისის მოვლენებისას კონფლიქტის მიზეზი უფრო სიღრმეებში უნდა ეძებოს

საია-ს თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, სახელმწიფომ დმანისის მოვლენებისას კონფლიქტის მიზეზი უფრო სიღრმეებში უნდა ეძებოს.

„ჩვენ გუშინ ძალიან სამწუხარო ფაქტი ვნახეთ. როგორც საუბარი იყო, ყოფით ფაქტზე წარმოიშვა ეს კონფლიქტი, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ეს კონფლიქტი უფრო შორსაა წასული და უფრო სიღრმეებში უნდა ვეძებოთ მისი პრობლემა, ვიდრე ყოფით ნიადაგზე. შესაბამისად, აქ მხოლოდ ე.წ.ნისიასთან მიმართებით არ უნდა ეძებოს სახელმწიფომ პრობლემა და უნდა გამოიკვლიოს.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯები, სახელმწიფოს ნაბიჯები ამ კონფლიქტის მოკლევადიან მოგვარებასაც გულისხმობს. აგრესია უნდა იყოს შეკავებული და ის დანაშაულები, რომელიც შესაძლებელია გუშინ ჩადენილიყო, უნდა იყოს გამოძიებული. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ეფექტური პოლიტიკა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

ამასთან, გეტყვით იმასაც, რიმ გუშინ საკმარისი საპოლიციო ძალა არ იყო გამოყენებული. გარკვეულწილად დაგვიანებულიც იყო გარკვეული მოქმედებები“, – განაცხადა სიმონიშვილმა.