პროექტის “უნარები წარმატებისთვის“ ფარგლებში, საქართველოს 4 სამიზნე რეგიონის 10 მუნიციპალიტეტიდან ახალგაზრდობის სააგენტომ 30 ადამიანი შეარჩია. სააგენტოს ცნობით, შერჩეული პირები მობილურ ახალგაზრდულ მუშაკებად გადამზადდებიან.
კანდიდატების გადამზადება ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციამ დღეს დაიწყო. პირველი სამუშაო შეხვედრა რუსთავში გაიმართა.
მონაწილეთაგან 20–ს სააგენტო 2 წლის ვადით დაასაქმებს. დასაქმებულები რეგიონულ დონეზე არაფორმალური და ფორმალური გარე განათლების მეთოდების გამოყენებით, ახალგაზრდებს მათთვის საჭირო კომპეტენციებს განუვითარებენ.
კერძოდ, ახალგაზრდებთან ინდივიდუალური და ჯგუფური სამუშაოები ჩატარდება, რაც მათი საქმიანობის ფარგლებში, ახალგაზრდული სერვისების განვითარებას შეუწყობს ხელს.
პროექტს „ახალგაზრდობის სააგენტო“, “გადავარჩინოთ ბავშვები“, „კონრად ადენაუერის ფონდი“ და „საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია“ ერთობლივად ახორციელებენ. პროექტს ევროკავშირი აფინანსებს. ის ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობას და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას შეუწყობს ხელს.