ლევან დოლიძე გიორგი გახარიას გუნდის წევრი იქნება

საქართველოს ყოფილი ელჩი ნატო-ში ლევან დოლიძე, გიორგი გახარიას პარტიის წევრი იქნება. ამის შესახებ ლევან დოლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე განცხადებით, გიორგი გახარიას გუნდის დაფუძნებით ქვეყანაში ჩნდება შანსი, რომ არსებული პრობლემები გადაიჭრას.

„მინდა ერთმნიშვნელოვნად დავადასტურო ჩემი გადაწყვეტილება, გვერდში დავუდგე გიორგი გახარიას. მიმაჩნია, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის დაფუძნებით, ამ ქვეყანაში ნამდვილად ჩნდება იმის შანსი, რომ პოლიტიკური სპექტრი ფოკუსირდეს არა რადიკალიზმზე, არა აგრესიაზე, არამედ იმ კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც დღეს ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს. ამასთან, დარწმუნებული ვარ, გიორგი გახარიას და მისი პოლიტიკური გუნდის წარმატება იქნება ძალიან სასარგებლო ზოგადად, პოლიტიკური სპექტრისა და გარემოსთვის, ასევე კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. სწორედ ეს არის ის ძირითადი ფაქტორები, რამაც განაპირობა ჩემ მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება, ხოლო ის, თუ როგორი იქნება ჩემი როლი და მონაწილეობის ფორმა ამ პროცესში, ბუნებრივია, ამას დრო გვიჩვენებს და უახლოეს მომავალში გაიგებთ”,-განაცხადა ლევან დოლიძემ.