საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაცია გრძელდება. უკვე რამდენიმე დღეა 18 წელს გადაცილებულ პირებს ჩინური ვაქცინა “სინოფარმით” აცრის საშუალება მიეცათ. საჯაროდ აიცრნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.
სასულიერო პირი საჯარო ვაქცინაციის სურვილით – იშვიათი გამონაკლისი დღეს დეკანოზი გიორგი ჩაჩავა იყო. წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი განმარტავდა, რომ წამლის მიღება რწმენასთან წინააღმდეგობაში არ არის. ის როგორც სასულიერო პირებს, ასევე მრევლს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.
ბოლო სამ დღეში მხოლოდ “სინოფარმით” ქვეყანაში 3 000-ზე მეტი ადამიანი აიცრა. ჩინური წარმოების ვაქცინის მსურველთა რიგებში 20 000-ზე მეტი მოქალაქეა რეგისტრირებული.
პარალელურად, 100-მდე სამედიცინო ცენტრში იმუნიზაცია სხვა პრეპარატებითაც მიმდინარეობს. ქვეყანამ დღეს დამატებით 48 000 “ასტრაზენეკას” ვაქცინის დოზა მიიღო.