“სინოფარმით” ვაქცინაცია – დღეს აცრაზე მოთხოვნა თითქმის გაორმაგებულია

საქართველოში ჩინური “სინოფარმით” ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო. დღეს ვაქცინაზე მოთხოვნა თითქმის გაორმაგებულია, აცრილთა რაოდენობაც მნიშვნელოვნად იზრდება.

პირველი, ვინც “სინოფარმის” ვაქცინით აიცრა, ამირან გამყრელიძეა.  გამყრელიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის 60% ორჯერადად აიცრება, გარე სივრცეში ყოველდღიურობის მთავარი აქსესუარის – პირბადის მოხსნა შესაძლებელი გახდება.

რესპუბლიკური საავადმყოფო კი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც “სინოფარმის” ვაქცინით აცრა დღეიდან დაიწყო. “სინოფარმის” გარდა კლინიკაში ვაქცინაცია კიდევ ორი სახის მედიკამენტით მიმდინარეობს. ამისათვის სულ 16 ოთახია გამოყოფილი, თუმცა  თავისუფალი არცერთი ადგილი აღარაა.

საქართველოში ვაქცინაცია, სხვადასხვა პრეპარატით, ქვეყნის მასშტაბით 91 წერტილში მიმდინარეობს. თითქმის გაორმაგებულია აცრის მსურველთა დღიური რაოდენობა, თუმცა ეპიდემიოლოგები თვლიან, რომ ეს ციფრები საკმარისი არ არის და მთავარი გზა პანდემიის დასრულებამდე კვლავ მასობრივ იმუნიზაციაზე გადის.