საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს ხვდებოდა, შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ კონფლიქტი ამოწურულია.
სუბარი მიიჩნევს, რომ ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება ორგანიზებული იყო.
“არ ვიცი, რა მოხდა, არ ვიცი ვინ იყო ორგანიზატორი, მაგრამ ფაქტია, რომ იყო ორგანიზებული და ალბათ, გაეცემა ამ კითხვებს პასუხი.
ეს ადამიანები, ვინც გუშინ კონფლიქტში მონაწილეობდნენ და მათი ოჯახის წევრები ამას აბსოლუტურად ემიჯნებიან, თავიდანვე გამიჯნულები იყვნენ და ამბობენ, რომ ჩვენ აქ ერთად ვცხოვრობდით, აქ ერთად ვცხოვრობთ და ერთად ვიცხოვრებთ, ერთი ოჯახი ვართ და ამიტომ, არ უნდა მიეცეს ამას გაგრძელება, არც სხვა მხრიდან მოსულის, არც ადგილობრივების მიერ.
ყველას მოვუწოდებ, ესკალაციას ნუ მისცემენ ამ ვითარებას, მესმის, ზოგ ახალგაზრდას სისხლი უდუღს, ჰგონია რომ რაღაც ხდება, თუმცა სინამდვილეში არაფერი ხდება – არის ყოფით ნიადაგზე მომხდარი გაუგებრობა, რომელსაც არ უნდა მოჰყვეს გაგრძელება,”- განაცხადა სოზარ სუბარმა.









