ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 74-ე სესიაზე წარსდგა. სესიის მთავარი თემა პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები იყო.
გამოსვლაში მინისტრმა ვაქცინებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, ტიკარაძემ ისაუბრა პანდემიის საფრთხეებზე დროული რეაგირების მნიშვნელობაზეც.
“თანაბარი ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია არამარტო ვაქცინებზე, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა იმ საკითხზე, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტია. ჩვენ შეგვიძლია ყოველი ახალი გამოწვევა ვაქციოთ შესაძლებლობად. ამის ნათელი მაგალითია საქართველო, რომელმაც პანდემიის მართვის პროცესში გადაუდებელი საჭიროებებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის, სამედიცინო ინფრასტრუქტურის, პერსონალის, კლინიკური მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის.
გარდა ამისა, მოხდა სრულიად ახალი მიდგომებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, რომლებიც მოწონებული იქნა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ. თუმცა, მიღწევების მიუხედავად წინ საკმაოდ რთული გამოწვევებით დატვირთული გზაა,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეა ყოველწლიურად იმართება და მასში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა წევრი ქვეყნის დელეგაცია, პარტნიორი ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება და დარგის ექსპერტები იღებენ მონაწილეობას.