დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში დაახლოებით 200 ათასი დოზა სხვადასხვა ვაქცინის მარაგია.
მისივე თქმით, სურთ, რომ ვაქცინის დასახელებული რაოდენობა მაის-ივნისის პერიოდში იქნას ათვისებული.
„გვინდა, რომ ეს მარაგი აუცილებლად გამოყენებული იქნას მაის-ივნისის პერიოდში. ამისთვის საჭიროა, რომ დღიური აცრის მაჩვენებელი დაახლოებით 6 000-მდე იყოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, გამყრელიძემ განმარტა, რა პერსპექტივები აქვს ქვეყანას ვაქცინების მიღებასთან დაკავშირებით.
„გარდა ამ 200 ათასისა, რაც ქვეყანაშია, „კოვაქსის“ პლატფორმის საშუალებით 15 ივნისამდე ქვეყანაში უნდა შემოვიდეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 000 დოზა. ასევე, დასტურია მიღებული, რომ ივნისის ბოლოს ან ივლისის პირველ რიცხვებში ქვეყანაში ნახევარი მილონი დოზა „სინოფარმის“ ვაქცინა უნდა შემოვიდეს. ამასთან, კონტრაქტი დასრულების პირას არის, რომ თანდათანობით, მესამე კვარტალში უნდა შემოვიდეს უკვე „ფაიზერის“ მილიონი დოზა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.