ღაზას სექტორში გარდაცვლილთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა – ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი მწვავდება

ისრაელის დარტყმების შედეგად, ღაზას სექტორში გარდაცლილთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა, 203 ადამიანი კი დაიჭრა. ამის შესახებ პალესტინის „ჯანდაცვის სამინისტროს“ წარმომადგენელმა განაცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილთა შორის ცხრა მოზარდი და ერთი ქალია.

ისრაელის თავდაცვის მინისიტრმა ბენი განცმა ისრაელის არმიის დაჯგუფება „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ობიექტებზე იერიშის შემდეგ განაცხადა, რომ „ეს მხოლოდ დასაწყისია“ და ისრაელის სამხედროებს აქვთ კიდევ უფრო მეტი სამიზნეები ღაზას სექტორში.

პალესტინის გამათავისუფლებელი ორგანიზაცია სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” ვიდეოებს ავრცელებს, რომელშიც ჩანს როგორ ესხმიან თავს ისრაელელი ჯარისკაცები და მოქალაქეები პალესტინელებს.

პალესტინის პრემიერ-მინისტრი კი საერთაშორისო საზოგადოებას ისრაელის ძალადობის შეჩერებისკენ მოუწოდებს.

რეგიონში პროცესები განსაკუთრებით გამწვავდა 10 მაისს, როდესაც იერუსალიმში პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის მომხდარი შეტაკებების შემდეგ, პალესტინურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ “ჰამასმა” მის მიერ კონტროლირებადი ღაზის სექტორიდან ქალაქის მიმართულებით სარაკეტო ცეცხლი გახსნა. აღნიშნულის პასუხად ისრაელმა ღაზაზე საჰაერო იერიშების მიტანა დაიწყო.

შეიარაღებული დაპირისპირების ერთ-ერთ წინაპირობად ებრაული ორგანიზაციის მიერ შეიხ ჯარაჰის უბანში მცხოვრები რამდენიმე პალესტინური ოჯახის გამოსახლების მოთხოვნაც განიხილება, რასაც პალესტინელების საპროტესტო ტალღა მოყვა.