რიონის ხეობაში სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. ადგილზე მცირე შელაპარაკება იყო – ხმაური რიონის ხეობაში “ზნეობა დაიცავის” დამფუძნებლის, გურამ ფალავანდიშვილის გამოჩენამ გამოიწვია.
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ფალავანდიშვილს თბილისში მომხდარი რამდენიმე დაპირისპირება შეახსენა.
“რიონის ხეობის მცველმა”, მაკა სულაძემ ფალავანდიშვილებს მიმართა და განაცხადა, რომ არავის აქვს უფლება “ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს რამე მიუთითოს. მისივე განცხადებით, ფალავანდიშვილების ჩარევა ამ საკითხში საჭირო არ არის.
“მე მასწავლით ქრისტიანობას და ჯვარს როდის გადავდებ გვერდით და როდის დავიჭერთ ხელში? ვერ შეგაგნებინეთ შემწყნარებლობა. თუ ხართ ჩვენს ომში, კეთილი ინებეთ და დადექით ჯარისკაცად და ჩვენ თვითონ მივუთითებთ აქ ვის რა გავუკეთოთ, თქვენთვის არ დაგვივალებია. არ მოგვეწონება? შემოვა ის თავისი ნიშნით, თავისი დროშით და თავისი იდეოლოგიას თუ მოახვევს თავზე, საკმარისი ძალა გვყავს, რომ მივლენ ბიჭები… არ არის საჭირო თქვენი ჩარევა”, – მიმართა სულაძემ ფალავანდიშვილებს.
24 მაისს რესპუბლიკის მოედანზე, “ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქციაზე მისულ აქტივისტებს, სალომე ბარკერს და ზუკა ბერძენიშვილს, გურამ ფალავანდიშვილის შვილმა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.