შინაგან საქმეთა სამინისტრო დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე.
დმანისის ცენტრში ამ დრომდე დაპირისპირებაა.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, დმანისში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე. პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე”, – წერს უწყება.
შსს-ს განცხადებით, 16 მაისს მოხმდარი დაპირისპირებაში მონაწილე პირების ვინაობა იდენტიფიცირებულია და გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ დმანისში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. კონფლიქტი მასშტაბურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და დღესაც გრძელდება. დაპირისპირებულმა მხარეებმა დმანისის ცენტრში გადაინაცვლეს. ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობს.