ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში კომპანია „წყალი მარგებელის“ თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება.
გუშინდელ გაფიცულებს დღეს სხვა დასაქმებულებიც შეუერთდნენ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი დაბალ ანაზღაურებას, არასათანადო შრომით პირობებს აპროტესტებენ და ხელმძღვანელობისგან საათობრივი ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ.
მათივე ინფორმაციით, არის შემთხვევები, როცა მათი სამუშაო დრო 24, ზოგჯერ კი 36 საათის განმავლობაში უწყვეტად გრძელდება. ზეგანაკვეთური შრომის, დღისა და ღამის საათების შესაბამისი ანაზღაურება კომპანიაში არ არსებობს.
დღეს კომპანიის წარმომადგენლებს განცხადება არ გაუკეთებიათ. გუშინ განაცხადეს, რომ აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.